პრემიერი ძალადობის კამპანიაზე: ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ შსს–ში და გპირდებით, ჩავყვებით ბოლომდე
10/05/2024 19:08:19 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე ერთის მხრივ დაგმო ძალადობა, თქვა, რომ ემიჯნება, მეორეს მხრივ თქვა, რომ ეს პროცესი დაიწყო სამი კვირის წინ.
მან გაიხსენა, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ეპიზოდი, როდესაც მან ხელი დაარტყა „ქართული ოცნების“ დეპუტატ მამუკა მდინარაძეს; შემდეგ „პოს–ტივის“ ჟურნალისტზე „ფსიქოლოგიური ძალადობა“; ხელოვანების და სპორტსმენების „ბულინგი“, პოლიტიკოსებზე „ფსიქოლოგიური ძალადობა“, როდესაც მას „მოღალატეებს“ უწოდებენ“.
თქვა, რომ ამ „ძალადობის ფაქტებს“ არც ერთი დიპლომატი არ გამოეხმაურა, ხმა ამოიღეს მას შემდეგ, რაც „მოძალადეებს შეეხოთ ძალადობა“ და „ყველას მოუწოდა“, ნუ ექნებათ „ორმაგი სტანდარტები მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა“, ხოლო თავად „მოძალადეებზე“ ძალადობასაც გმობს.
მთავარი არხის ჟურნალისტმა მას შეახსენა ახალი ფაზა სიძულვილის კამპანიის, როდესაც ადამიანებს სახლებთან შეურაცხმყოფელ პოსტერებს უკრავენ, ურეკავენ, მათ შორის, მოზარდებს, ემუქრებიან, თავს ესხმიან. შეახსენეს აქციების დროს დემონსტრანტებზე ძალადობის ფაქტები. ასევე შეახსენეს სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც თავს დაესხნენ სტუდენტს.
„ეს არ არის ქართველი ქალის სახე – თქვენი სახე სხვა რამაა და ქართველი ქალის სახე სხვა“,– უთხრა მან ჟურნალისტს და ტყუილში დაადანაშაულა.
თქვა, რომ „ვინმე მანაგაძე არ არის ჩემი სტუდენტი, მეორე – ის არა გულწრფელი ახალგაზრდა, არამედ კეზერაშვილისგან დაფინანსებული“.
„ძალადობა იყო. ძალადობა მიუღებელია... უნივერსიტეტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ შეიძლება... არასწორია ძალადობა, ცუდია, უმძიმესია... „ნაცმოძრაობა“ რასაც უკეთებდა თსუ–ს, იმას უკეთებს ახლაც“,– თქვა კობახიძემ.
ამასთან, მან პირობა დადო, რომ „რა ძალადობაც მოხდა, ბოლომდე ჩავყვებით ყველა ფაქტს“:
„ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ შსს–ში და გპირდებით, ჩავყვებით ბოლომდე ყველაფერს“.
ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის არაერთი ფაქტი ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.


