ჰერჩინსკი: თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე
12/05/2024 12:23:07 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველოს პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე.
"ნება მომეცით გავიმეორო, რაც ევროკავშირის ლიდერებმა და ევროკავშირის ინსტიტუტებმა არაერთხელ განაცხადეს. იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე, რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი არსებული ფორმით შეუსაბამოა იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ვიზიარებთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, გამოიძებნება გზა იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. მესამე მოსმენა დაგეგმილია შემდეგ კვირაში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კანონპროექტის გაწვევის შესაძლებლობა და თუ ეს არ მოხდა, ყველა პროცედურული შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის არსებული ფორმით მიღება. იმ შემთხვევაში, თუ კანონს მიიღებენ ევროკავშირს, ჩვენს წევრ სახელმწიფოებს სხვა გზა არ ექნებათ გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა", - ამბობს ჰერჩინსკი.
13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.
გუშინ ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
ცნობისთვის: ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.


