პრემიერი "აგენტების კანონის" მიღებას აანონსებს და დემონსტრანტებს აფრთხილებს: "კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს"
12/05/2024 13:09:48 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას არ გეგმავს.
როგორც მან ცოტა ხნის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 13 მაისს "აგენტების კანონს" მიიღებენ. იგი ირწმუნება, რომ "საქართველოს მოსახლეობის 60%–ზე მეტი მხარს უჭერს "აგენტების კანონს":
"ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ - მისი მიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%–ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%–ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს".
მან როგორც ოპოზიცია, ისე დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ "ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს".
"გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ. მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა, ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არსებითად, ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ. გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე მინდა, ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული. მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: გუშინ ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.
ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.
13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.


