Accentnews.ge
პარტია „საქართველოსთვის“: „მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს“

პარტია „საქართველოსთვის“: „მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს“

12/05/2024 19:21:55 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა.

„ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა. ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენებთ მათ მანდატს და მოვუწოდებთ, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება და დროული რეაგირებით თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები. უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს (რომელიც, როგორც ჩანს, მრავლად იქნება). საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე. ეს არის ის, რისიც „ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და აგვარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას“, - აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქცია იმართება.

ცნობისთვის: 11 მაისს ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.

13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S