Accentnews.ge
რატი ამაღლობელი: „დღეს ჩვენ ერთად ვათენებთ ღამეს საქართველოსთვის, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი"

რატი ამაღლობელი: „დღეს ჩვენ ერთად ვათენებთ ღამეს საქართველოსთვის, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი"

12/05/2024 20:35:14 პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მომიტინგეებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა მიმართა.

„დღეს ჩვენ ერთად ვათენებთ ღამეს საქართველოსთვის. უნდა გავტეხოთ ღამე, უნდა გავტეხოთ ზამთარი, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი. ჩვენი ბრძოლა ეს არის საქართველოს გაზაფხულისთვის ბრძოლა, დღის სინათლისთვის ბრძოლა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვდევნოთ ჩრდილოეთი საქართველოდან. ამიტომ, ყველას გელოდებით, ნელ-ნელა, ბევრნი ვართ და კიდევ ბევრნი გავხდებით. ზოგი სპეციალურად იძინებს ახლა, რომ შემოგვიერთდეს დილის 4 –5 საათზე. ჩვენ მხოლოდ გავიზრდებით. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა. მნიშვნელოვანია ჩვენი პროტესტის უწყვეტობა. საქართველომ განსაკუთრებული ძალა ანახა ამ ერთ თვეში, უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში ასეთი უწყვეტი, პერმანენტული, მზარდი პროტესტი“, - მიმართა რატი ამაღლობელმა დემონსტრანტებს.

"აგენტების" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე და პარლამენტის შენობასთან დახვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს 13 მაისს, 09:00 საათზე. სწორედ ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა.

ცნობისთვის: 11 მაისს ევროპის მოედანზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო და განხილვის გაგრძელებას გეგმავს 13 მაისს. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით.

13 მაისს იურიდიული კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. სხდომა დილის 9 საათზეა ჩანიშნული. 14 მაისს კი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S