თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის გაგზავნას მხარი დაუჭირა
02/01/2020 15:16:39 მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის გაგზავნას მხარი დაუჭირა. შესაბამისი წინადადებით საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 26 დეკემბერს მიმართა. მისი თქმით, ლიბიის მოვლენები რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
ერდოღანის თქმით, იგი არ აპირებს, ჩუმად უყუროს, თუ როგორ ეხმარება რუსეთი ამბოხებულ ლიბიელ გენერალ ხალიფა ჰაფტარს. თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ ლიბიაში რუსეთის კერძო სამხედრო კოპანია „ვაგნერის“ 2 000–მდე მებრძოლი იმყოფება:
"ლიბიაში რუსეთს „ვაგნერის“ 2 000 მებრძოლი ჰყავს. ოფიციალურმა მთავრობამ მიიწვია ისინი? არა. ისინი ამბოხებულ გენერალს ეხმარებიან. მათგან განსხვავებით, ჩვენ ქვეყნის ლეგიტიმურმა მთავრობამ მიგვიწვია. ესაა მთავარი განსხვავება".
მედია „ვაგნერს“ კრემლთან დაახლოებულ ბიზმენსმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებს. გარდა რუსეთისა, დასავლური მედიის ცნობით, გენერალ ხალიფა ჰაფტარის არმიას დახმარებას უწევენ საფრანგეთი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
2019 წლის ნოემბერში ანკარამ ორი შეთანხმება გააფორმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასთან. დოკუმენტებში საუბარია თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.
2011 წელს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.


