"ხალხის ძალა" – დიპლომატებზე: მთავრობამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა შემოშვებას
13/05/2024 09:14:57 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრალესობის ნაწილი "ხალხის ძალა" ეხმიანება საქართველოში ლიეტუვის ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, გერმანიის ბუნდესტაგისა და ლიეტუვის სეიმი საგარეო კომიტეტის თავჯდომარეებისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტებს და მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", იმსჯელოს, "იმსახურებენ" თუ არა აღნიშნული პირები ქვეყანაში შემოშვებას.
ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ რადგანაც აღნიშნული პირები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან და ვიზიტის მიზანი "რადიკალიზაციის ხელშეწყობაა".
"რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთ ხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ „დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს. აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა" – ვკითხულობთ განცხადებაში.
"ხალხის ძალა" მთავრობას მოუწოდებს, არ შეხვდნენ საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და ამავდროულად იმსჯელონ მათი ქვეყანაში შემოშვების საკითხზე.
"ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან.
უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას" – წერენ დეპუტატები.
საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.


