სტანო: მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება
13/05/2024 12:20:59 პოლიტიკა
ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს–სპიკერი პიტერ სტანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება.
“საქართველოში ვხედავთ მოსახლეობის დიდი ნაწილის ერთგულებას ევროპული მომავლისა და ევროპული გზის მიმართ. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ სურვილს. რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ, არის ძალადობა გასაკუთრებით პოლიციის მხრიდან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისეთ ქმედებებებს, როგორებიცაა დაშინება, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა პროტესტის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ეს ბრუტალური ქმედებებია და ჩვენ მას მკაცრად ვგმობთ.
მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნველყოს, პროტესტის [შეკრებისა და მანისფესტაციის უფლება] უფლება და ჯეროვნად გამოიძიონ ყველა გადაცდომა, დარღვევა და ძალადობის ფაქტი. ველით, რომ მათ, ვინც პასუხისმგებელია ასეთ ქმედებებზე, სამართლებრივი რეაგირება იქნება. ევროკავშირი და მისი წევრები საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, ჩვენი წევრების ნაწილმა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რას ფიქრობენ შექმნილ ვითარებაზე", - ამბობს სტანო.
რაც შეეხება შესაძლო სანქციებს მან შემდეგი აღნიშნა:
"სანქციების საკითხზე გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის გზით მიიღება, იმ დროს, როცა ჩაითვლება, რომ სასურველ შედეგამდე სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ჯერ არ ვართ აქ. საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. ვიმედოვნებთ და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპულ გზას დაუბრუნდეს".
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.


