Accentnews.ge
პავილიონისი: რუსული კანონის პირობებში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ იქნება

პავილიონისი: რუსული კანონის პირობებში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ იქნება

13/05/2024 15:05:15 პოლიტიკა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ "რუსული კანონის პირობებში, საქართველოს გზა ევროპისკენ დაიკეტება".

"ჩვენ ვემხრობით კანონის უზენაესობას და არა რუსულ კანონს. ამიტომ, ჩვენ აქ ჩამოვედით ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, კონსერვატორების, ქრისტიან-დემოკრატების, სოციალ-დემოკრატების სახელით, ასევე ლიბერალებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენთვის ძალიან რთული იყო, ჩვენი პარლამენტებისა და მთავრობების დარწმუნება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა და ახლა, ამ კანონის პირობებში, ევროპისკენ გზა დაკეტილია. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება და ამიტომაც კანდიდატის სტატუსს ფასი ეკარგება. გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტი და "ქართული ოცნება" თვითმკვლელობას სჩადიან. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ პარლამენტი არ დაუჭერს მხარს ამ კანონს. ჩვენ უკვე მოვამზადეთ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება, რომელსაც მხარდაჭერა აქვს ყველა დედაქალაქში და რომელიც სთხოვს საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღონ ეს კანონი. აქვე უნდა გვესმოდეს, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არიან მთავრობათაშორისი კონფერენცია, სადაც ერთ ქვეყანასაც შეუძლია გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადება. ასე რომ, საჭიროა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. "ქართული ოცნება" კი, როგორც ჩანს, ცდილობს, რომ უარესთა შორის უარესი იყოს. უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენ უკვე ივნისში ვიწყებთ მოლაპარაკებებს და საქართველოს საკითხი მაგიდაზე არ დევს. იგივეა ნატოსთან მიმართებაში. უკრაინა აუცილებლად იქნება ნატოს შემდეგი წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე, საქართველო კი იმავე ადგილას არ არის. არადა, ცოტა ხნის წინ საქართველო ლიდერი იყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში", - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით, პავილიონისი.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

პარლამენტთან აქცია ამ დრომდე გრძელდება.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S