Accentnews.ge
პრემიერი "აგენტების კანონის" არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს

პრემიერი "აგენტების კანონის" არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს

13/05/2024 17:07:27 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე "აგენტების კანონის" არსებული რედაქციით მიღების შემთხვევაში პასუხისმგებლობას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკისრებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნებით, პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს". რაც შეეხება კანონპროექტში ცვლილებების შესაძლო შეტანას, პრემიერმა აღნიშნა, რომ "მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი". თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ქართული ოცნება" ღიაა დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში".

ამის შემდეგ პრემიერმა საუბარი პრეზიდენტი კრიტიკით განაგრძო და აღნიშნა, რომ "თუ პრეზიდენტი ვეტოს კანონპროექტის ინსტრუმენტს არ გამოიყენებს და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა":

  • "ცვლილებები ჩვენი მხრიდან ვერ დაიგეგმება, რადგან ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, თუმცა, ჩვენ ვთქვით, რომ ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე. ის თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ ან „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის".

12 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვით, შესაძლოა, "აგენტების შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღოს პარლამენტმა და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ცვლილებები გაითვალისწინონ და ეს კომპრომისად მიიჩნიონ.

"უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო... გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი, სრულიად წარმოუდგენელია ნებისმიერი ცივილიზებულ სახელმწიფოში, პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს მორალატე ქვეყნის ჯარის წინაშე და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ მოდით, ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები და წარმოგვიდგინეთ და შეიძლება, დავფიქრდეთ... იფიქრეთ თქვენ და იყავით. მე ნამადვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ხალხში რაღაცა დაუბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრი მარტივი, ძალიან მარტივი, თქვენ თვითონ ამ კანონის ძალაში შესვლის ვადა გადაიტანეთ 1 ნომებრისთვის, არჩევნების შემდეგ, როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს ეს კანონი რუსულია, სხვა კანონების გადამღერებაა, თუ რა კანონია. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა, ის არის რუსული, დარჩები რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა 12 მაისს.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის – ორი ამერიკის და ერთი რუსეთის მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

პარლამენტთან აქცია ამ დრომდე გრძელდება.

ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S