კობახიძე ევროკავშირს "გლობალური ომის პარტიის" მსხვერპლს უწოდებს და პარალელურად, ქართველებს ბლოკში გაწევრიანების მიმართულებით ქვეყნის წინსვლას ჰპირდება
13/05/2024 17:17:35 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირს "გლობალური ომის პარტიის" მსხვერპლს უწოდებს და პარალელურად, ქართველებს ბლოკში გაწევრიანების მიმართულებით ქვეყნის წინსვლას ჰპირდება. შესაბამისი განცხადება მან დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძე კვლავ უარს აცხადებს, დააკონკრეტოს ვინ იგულისხმება "გლობალური ომის პარტიაში".
„რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე რომ აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა.
განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ, შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნული განცხადების შემდეგ მან პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით სანიმუშო პროგრესი ექნება:
"2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი".
- ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე: მჯერა, რომ არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
- პრემიერი: "2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა".


