ტრამპი – ერდოღანს: „ლიბიაში შენი შესვლა ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს“
02/01/2020 19:17:18 მსოფლიო
ამერიკისა და თურქეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ლიბიისა და სირიის საკითხები განიხილეს.
„ტრამპმა თურქ კოლეგას განუცხადა, რომ თურქეთის ჯარების შესვლა ლიბიაში ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, რიგი ქვეყნები აპროტესტებენ ანკარას შესაბამის გადაწყვეტილება“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნები ან ლიდერები ეწინააღმდეგებიან ერდოღანის გადაწყვეტილებას ტრამპის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს.
თავის მხრივ, ერდოღანის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ორი ქვეყნის ლიდერმა რეგიონში არსებული პრობლემების დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ამასთან მხარეებმა განიხილეს სირიის საკითხი და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია, რათა დაიცვან იდლიბის მოსახლეობა“.
იხილეთ ასევე: თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის გაგზავნას მხარი დაუჭირა
რაც შეეხება სირიას, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რომ სირიის იდლიბის პროვინციიდან ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო თურქეთის საზღვრების მიმართულებით 250 000-მდე ადამიანი დაიძრა.
ასადის რეჟიმმა და რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყეს. რუსეთმა და თურქეთმა გასული წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება „ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა“ კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.
მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია.


