არმაზ ახვლედიანი: მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო
13/05/2024 19:01:28 პოლიტიკა
"ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატში გაჯიუტებული ივანიშვილი პირადად აგებს პასუხს კონსტიტუციის უხეში დარღვევის, კრემლიდან მომდინარე უზარმაზარი საფრთხეების უპრეცედენტოდ გაძლიერების, ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიზაციის დაბლოკვის გამო", - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ახლა ოპოზიციური ერთობის დროა და დაუყოვნებლივ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიქმნას.
„დადგა დრო, პატრიოტი მოქალაქეების, ჩვენი საამაყო სტუდენტების მტკიცე, უწყვეტ, გრანდიოზულ პროტესტს მხარი აუბას და სწორი სამართლებრივ-პოლიტიკური გეზი მისცეს ოპოზიციის ერთობამ.
მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, პარტიების ლიდერებს, დაუყოვნებლივ შევქმნათ საგანგებო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სასწრაფოდ შეიმუშავებს და გააცნობს საზოგადოებას ქვეყნის უმწვავესი კრიზისიდან გამოყვანის, არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებისა და დემოკრატიზაციის გეგმას.
უნდა შევთანხმდეთ, რომ: საბჭოს ყველა ნაბიჯი სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციასთან;
საგანგებო საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტდება სამართლიანობის და თანაბრობის პრინციპით.
რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვითხოვთ და მივაღწევთ არსებული მთავრობის გადადგომას და უახლოეს ერთ თვეში ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება უმაღლესი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის მქონე პირებისგან.
ტექნიკური მთავრობა პრიორიტეტულად იმუშავებს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების გადაუდებელ საკითხებზე.
საგანგებო საკოორდინაციო საბჭო მჭიდროდ ითანამშრომლებს პროტესტში მონაწილე საზოგადოებრივ ჯგუფებთან და დასავლელ პარტნიორებთან.
საქართველოს კრემლის ჭაობიდან ამოყვანა და ევროპულ სახელმწიფოდ გადაქცევა ახლა თითოეული შეგნებული მოქალაქისა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ღირსების საქმეა!“, - წერს არმაზ ახვლედიანი.
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.


