პრემიერი მადლობას უხდის "ოცნების" წევრ დეპუტატებს და ირწმუნება, რომ "აგენტების კანონი" საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა
14/05/2024 17:32:54 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე "აგენტების კანონის" მირებისთვის საპარლამენტო უმრავლესობოს წევრებს მადლობას უხდის და ირწმუნება, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა
"დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა", – განაცხადა მა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
იგი კვლავ ამტკიცებს, რომ "სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს".
„ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიწე ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. შეუძლებელია, გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს ვინმე, ვისაც წაკითხული აქვს ეს კანონი და გააზრებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ერთ-ერთი საკვანძო ევროპული ღირებულებაა.
მადლობა მინდა, გადავუხადო მმართველი გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთგულებისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებიც მიტინგებზე ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით პასუხობდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომიტინგეებს, თავი შეიკავონ ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ასევე კიდევ ერთხელ ვთხოვ სამართალდამცველებს, ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ.
საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ უმაღლესი პასუხისმგებლობით ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ღირსებით და სუვერენიტეტით არის შესაძლებელიც და ფასეულიც, რაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული.
მადლობა ქართველ ხალხს, რადგანაც სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა გასულ წლებში რევოლუციის ორი მცდელობის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მირების შესაძლებლობაც, სწორედ, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ,მომავალშიც დიდ წარმატებებს მივაღწევთ და 2030 წლისთვის საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი დღეს მაიც მიიღო.


