პრეზიდენტი: ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს სურს
14/05/2024 19:27:12 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან განაცხადა, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, რუსეთმა საქართველო ვერ აიძულა, გადაეხვია "ევროპული გზიდან" და ვერც შემდეგში შეძლებს.
„ვფიქრობ, რომ რუსეთი ამის გამო იყო შეშფოთებული და უფრო შეშფოთდა, როდესაც [ევროინტეგრაცია] სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და შეგვიძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. და მათ ეს ნამდვილად არ მოეწონებათ. თუმცა, მათ ასევე არ მოეწონათ სომხეთის ევოლუცია. მათ ასევე არ მოსწონთ აზერბაიჯანის ევოლუცია და თურქეთთან სიახლოვე. მათ ასევე არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ შავ ზღვას ვერ აკონტროლებენ ისე, როგორც სურთ. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს სურს. ჩვენ ერთგულნი ვართ. კი, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს მისი ევროპული გზიდან არ გადაახვევინა. ამან ერთი წამითაც არ გაგვაჩერა და მომავალშიც ვერ გაგვაჩერებს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
"მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი CNN-ის ეთერში საუბრობს. ის "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანას ის ევროპულ გზას აშორებს.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ მომავალი არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი და თავად იქნება "პროევროპული ფრონტის ლიდერი":
"საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობა გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან არჩევნებია და მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მართავენ დემონსტრაციებს ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. და ეს იქნება ბევრისმეტყველი სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად".


