ირაკლი კობახიძე: სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე, „გლობალური ომის პარტიის“ სახით
14/05/2024 19:57:26 პოლიტიკა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო' ბრაიენთან გამართული შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან კვლავ ახსენა „გლობალური ომის პარტია“, თუმცა თქვა, რომ დახურულ შეხვედრაზეც კი "რთულია" ამ თემის განხილვა და რომ ო' ბრაიენს მხოლოდ "ინფორმაციის" 30% გაუზიარა.
„ჩვენ ამ თემაზე იცით, რომ გახსნილად ვერ ვსაუბრობთ. თქვენ თუ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ო' ბრაიენი გავუზიარე ინფორმაციის დაახლოებით 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი, მაგრამ მინიშნებები, რა თქმა უნდა, გვქონდა. თქვენთანაც გვაქვს ხოლმე გარკვეული მინიშნებები. ბატონ ო' ბრაიენთან გვქონდა კიდევ უფრო ფართოდ გაშლილი მინიშნებები, თუმცა დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან, ძალიან უხერხულ საკითხს და საკმაოდ სახიფათო საკითხს",– თქვა კბახიძემ და დასძინა, "სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე, „გლობალური ომის პარტიის“ სახით“.
მან ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც, მისი თქმით, დაწესებულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა „აგენტების კანონის“ გამო ოფიციალური სანქციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა:
„კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენ შორის. რაც შეეხება ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ამ შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. პრინციპში ჯობია ხოლმე, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, ჯობია, ორსაათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით, ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთ არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული შემიძლია, ცალსახად გითხრათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ ასევე: ო'ბრაიენი – ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე: ძალიან მალე განვიხილავთ


