ევროსაბჭოს გენმდივანი: კანონის მიღება ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას არ ასახავს
15/05/2024 08:28:43 პოლიტიკა
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი აცხადებს, რომ "აგენტების კანონის" მიღება ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას არ ასახავს.
„საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია და არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას. სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება კანონპროექტის ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუთავსებლობასთან დაკავშირებით იგნორირებული იყო, ხოლო ნამდვილი საპარლამენტო განხილვების არარსებობა არ შეესაბამება ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესს. ვინაიდან ვენეციის კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება, მისმა სამართლებრივმა რეკომენდაციებმა უნდა შექმნას საფუძველი მნიშვნელოვანი დიალოგისთვის და უზრუნველყოს წინსვლის გზა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად.
მე ასევე ღრმად შეშფოთებული ვარ მრავალი მოხსენების, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის, დაშინების კამპანიების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელების და სტიგმატიზებული ოფიციალური ნარატივების გამოყენების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, და ამავდროულად, უზრუნველყოს სათანადო და ეფექტური გამოძიება უფლებების სავარაუდო დარღვევის ყველა დაფიქსირებულ შემთხვევაზე. ევროპის საბჭო მზადაა დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაში, რომ განამტკიცოს მისი დემოკრატიული განვითარება და შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”, – აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.


