Accentnews.ge
მერია გარემოვაჭრეებს პასუხობს: "რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრია, შეუძლებელია, იქ დავუშვათ უწესრიგობა"

მერია გარემოვაჭრეებს პასუხობს: "რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრია, შეუძლებელია, იქ დავუშვათ უწესრიგობა"

03/01/2020 11:28:27 საზოგადოება

თბილისის მერიის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრი და ერთ-ერთი ტურისტული წერტილია და იქ უწესრიგობასა და ქაოსურ გარევაჭრობას არ დაუშვებენ.

როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია.

„თბილისის მერია ყოველწლიურად, წინასაახალწლოდ განსაზღვრავს იმ ადგილებს, სადაც დროებით, ახალი წლის პერიოდში დაშვებულია გარევაჭრობა. წელსაც, გარევაჭრობისთვის გამოიყო რამდენიმე ადგილი, რომელთაგან ორზე - პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე გარევაჭრობა ნებადართული იყო მხოლოდ იმ კერძო პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებმაც წინასწარ გაიარეს მერიის მიერ გამოცხადებული რეგისტრაცია.

გარდა ამისა, გამოყოფილი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და დედაქალაქის მასშტაბით შემდეგი ადგილები:

  • ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე;
  • ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
  • მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე;
  • ვერის ბაღის შესასვლელთან;
  • მეტროსადგურების - ,,დელისის“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე;ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;
  • მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში;
  • დიდუბეში, ბორის პაიჭაძის N1-თან;
  • ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარედ, თიბისი ბანკთან;
  • ჯავახეთის ქუჩის N23-ის მიმდებარედ, ყვავილების ბაზრობასთან;კალოუბნის ქუჩაზე, ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.

პირველი რესპუბლიკის მოედანი არის ქალაქის ცენტრი, ერთ-ერთი ტურისტული წერტილი და შეუძლებელია, დავუშვათ იქ უწესრიგობა და ქაოსური გარევაჭრობა. თბილისის მერია არავის უზღუდავს ორგანიზებულ საახალწლო გარევაჭრობაში ჩაბმას და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გარემოვაჭრეებს, სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ შემოთავაზებული ადგილებით.

საახალწლო ბაზრობები პირველი რესპუბლიკისა და ორბელიანის მოედნებზე, ასევე პარლამენტის წინ იფუნქციონირებს 13 იანვრის ჩათვლით, ხოლო სხვადასხვა რაიონში გამოყოფილ ადგილებზე გარევაჭრობა დაშვებული იქნება 7 იანვრის ჩათვლით“, - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის: მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე მყოფ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლას სთავაზობენ. გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ ვაჭრობა იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა.

"იქ ჩვენ ვერ წავალთ, არ კი არა, ვერ წავალთ. მოვუსმინე ტელევიზორში, რომ კაცი ტირის და ამბობს არ მოხვიდეთ, ბავშვები არ მოიყვანოთო. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დგას და უყურებს პარლამენტის შენობას. მე იქ ბუშტს ვერ გავყიდი, მოვკვდები მშიერი და იმ პურის ფულს ბავშვს არ წავუღებ".

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მოედანზე ვაჭრობის უფლება 13 იანვრამდე აქვთ და მუნიციპალური ინსპექციის მითითებებს არ დაემოჩილებიან. გარემოვაჭრეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათ ტერიტორიას მაინც დაატოვებინებ, ისინი მერიის წინ აქციას გამართავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S