Accentnews.ge
Financial Times: სადავო კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს წევრობის განაცხადს დაუბლოკავს

Financial Times: სადავო კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს წევრობის განაცხადს დაუბლოკავს

16/05/2024 06:07:04 პოლიტიკა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის" შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი გაიყინება და ამის შესახებ "ქართული ოცნების ხელისუფლებას უკვე ეცნობა", - იუწყება Financial Times ევროკავშირის სამ ჩინოსანზე დაყრდნობით.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ მივახვედრეთ თბილისი, რომ ეს მოლაპარაკებებს გააჩერებს. საქართველოს ხელისუფლებამიცის, როგორი იქნება შედეგი. თუ კანონი ძალაში შევა, ბრიუსელის გადაწყვეტილება გაწევრების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განუსაზღვრელი ვადით გადაიდება" - განაცხადეს გამოცემის წყაროებმა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S