პაპუაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ "ევროპულ პლატფორმას" "კონსტიტუციის დარღვევად" აფასებს
16/05/2024 11:02:12 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ "ევროპულ პლატფორმას" "კონსტიტუციის დარღვევად" აფასებს.
" ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია. ხედავთ, რომ ის თავს არ მიიჩნევს ამ სახელმწიფოს ნაწილად. ასეთი ფაქტები ადასტურებს, რომ ის თავს არ მიიჩნევს. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემლობა, ხოლო კონსტიტუცია ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტი და ფურცელზე დატანილი ტექსტი. ეს არის ქართველი ხალხის უზენაესი ნება. როცა ამ ნებას უგულებელყოს და არღვევს ადამიანი, რომელსაც უკავია პრეზიდენტის თანამდებობა, ეს რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოს არ აღიარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი მოსახლეობას ევროპულ პლატფორმას წარვუდგენ. ამის შესახებ მან ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე 15 მაისს განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ევროპული პლატფორმა არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს.
„დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ. რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. რომელიც ამ არჩევნებით თავის გზაზე დააბრუნებს საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მეგობრები არიან პირველივე დღიდან, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. რომლებიც ყოველდღე გვეხმარებიან, მოგვცეს შანსი, რომ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, კანდიდატის სტატუსი. მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, იქნებიან ჩვენს გვერდით, როგორც კი ჩვენ ჩვენს გზას დავუბრუნდებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


