Accentnews.ge
პაპუაშვილი, რომელსაც "აგენტების კანონს" მხოლოდ რუსეთი უწონებს, "რუსეთის რბილ ძალას" ქართველ ჟურნალისტებს უწოდებს

პაპუაშვილი, რომელსაც "აგენტების კანონს" მხოლოდ რუსეთი უწონებს, "რუსეთის რბილ ძალას" ქართველ ჟურნალისტებს უწოდებს

16/05/2024 11:30:19 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელსაც "აგენტების კანონის" მიღებას მხოლოდ რუსეთი უწონებს, "რუსეთის რბილ ძალას" ქართველ ჟურნალისტებს უწოდებს.

კითხვაზე, ერევა თუ არა რუსეთი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

"ერევა იმით, რომ აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, ერევა იმით, რომ საქართველოს უწესებდა სანქციებს და ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოზე. სამწუხაროა, რომ ახლა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეთამაშება ამ აზრებს, რომ სანქციებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული მეთოდი. ვნახოთ, ვინმე თუ გადაწყვეტს რუსული გზით იაროს და ქართველ ხალხს კი არ ესაუბროს, არამედ სანქციებით შეეცადოს ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას და ერევა, იმიტომ რომ, ჰიბრიდული, თუ რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას. მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!" - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე: მოსკოვი "ქართულ ოცნებას" იცავს, "ოცნება" კი მოსკოვური ნარატივებით გვესაუბრება.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S