კომიტეტმა „ოფშორის კანონზე“ ვეტოს მხარი არ დაუჭირა
20/05/2024 10:07:18 პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს. საკითხს საბოლოოდ კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა კანონიდან მთლიანად ამოიღო პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებული აქტივები, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.
გარდა ოფშორის საკითხისა, კანონპროექტი ასევე შეეხებოდა საგადასახადო ამნისტიას, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში უცვლელადაა გადატანილი.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. მისივე თქმით, მიუღებელი და დაუშვებელია კანონის დაჩქარებული წესით მიღება. პრეზიდენტი წერს, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის ინვესტორებისა და მათი ინვესტიციებისთვის. ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი. პრეზიდენტი ასევე მიუთითებს, რომ კანონში წარმოდგენილი არ იყო ფინანსური დასაბუთება.
საგადასახადო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა 2024 წლის 19 აპრილს 73 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებულად, 17 და 18 აპრილს განიხილა.
იხილეთ ასევე: TI – „ოფშორების კანონზე“: გაზრდის კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოსვლის რისკს


