Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: ექსპერტული საბჭოს დასკვნა, რომელიც ევროსაბჭოს წიაღში ფუნქციონირებს, "აგენტების კანონზე" უმძიმეს შეფასებებს მოიცავს

ანა ნაცვლიშვილი: ექსპერტული საბჭოს დასკვნა, რომელიც ევროსაბჭოს წიაღში ფუნქციონირებს, "აგენტების კანონზე" უმძიმეს შეფასებებს მოიცავს

20/05/2024 10:04:47 პოლიტიკა

პარტია “ლელოს” წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ექსპერტული საბჭოს დასკვნა, რომელიც ევროსაბჭოს წიაღში ფუნქციონირებს, "აგენტების კანონზე" უმძიმეს შეფასებებს მოიცავს.

მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი “არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას”.

“დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი და უმწვავესი სამართლებრივი დასკვნა “ქართული ოცნების” “რუსულ კანონთან” დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო ექსპერტების ექსპერტული საბჭოს მიერ, რომელიც ევროსაბჭოს წიაღში ფუნქციონირებს, მომზადებული დეტალური დასკვნა. ის შედგება 25 გვერდისგან, 164 პარაგრაფისგან. თითოეულ პარაგრაფში დეტალურად არის გაანალიზებული “რუსული კანონი”. ეს არის უმძიმესი დასკვნა, რომელიც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ არათუ რომელიმე ჩანაწერია ამ კანონში პრობლემური, არამედ ეს კანონი თავიდან ბოლომდე მისი მიზანი, ამოცანა, სულისკვეთება და თითოეული მუხლი არის წინააღმდეგობაში იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლის დიდი ნაწილი საქართველოში უკვე მოქმედებს, ვინაიდან ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ. ასევე, წინააღმდეგობაშია იმ ევროკავშირის სტანდარტებთან, საითკენაც კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა უნდა მიდიოდეს. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ამხელს და აბათილებს “ქართული ოცნების” ტყუილს და დეზინფორმაციას, თითქოს არავის წარმოუდგენია არგუმენტები “რუსული კანონის” წინააღმდეგ.

ეს დასკვნა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე, პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე სრულად შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან. ბოლოს ეს დასკვნა მთავრდება შემდეგი შეჯამებით, რომ არ არსებობს არანაირი გამართლება ამ კანონისა, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან მოიყვანს შესაბამისობაში. ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაკეთილშობილებას, არანაირ შელამაზებას. პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ეს არის მავნებლური, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კანონი და შესაბამისად, უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. “ქართულ ოცნებას” აქვს ერთადერთი სწორი სვლა, რომ ის უკან გაიწვიოს. ამის შესაძლებლობა არის პროცედურულად პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მომენტში”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S