„თუ ამერიკელ ჯარისკაცებს გამოაძევებენ, ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, ირანი მონაგონი იქნება“
06/01/2020 06:57:33 მსოფლიო
ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოძევების შემთხვევაში აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბაღდადს მკაცრი სანქციებით დაემუქრა.
„ჩვენ ერაყში საჰაერო ბაზა გვაქვს, რომლის აშენებაც ვაშინგტონს წარმოუდგენლად ძვირი დაუჯდა. მილიარდობით დოლარი დავხარჯეთ. არ ვაპირებთ იქედან გამოსვლას, სანამ ამის საფასურს არ ამოვიღებთ. თუ ერაყი ამერიკელ ჯარისკაცებს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს, ისეთ სანქციებს დავუწესებთ, მათი ფანტაზიაც რომ ვერ გაწვდება. ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მონაგონი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერაყელმა დეპუტატებმა მიიღეს შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია, რომელის თანახმად, ქვეყანა უცხო ქვეყნების ჯარებმა უნდა დატოვონ. რეზოლუციის ინიციატორი ერაყის პარლამენტში შიიტური ბლოკია, რომელიც ირანთან დაახლოებულია.
სადღეისოდ ერაყში დაახლოებით 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა მთავარ მიზანს ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.


