ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
20/05/2024 18:31:13 პოლიტიკა
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის ფუკუიამამ "აგენტების კანონის" მიღებასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტი დაინტერესდა პროფესორის აზრით, რატომ რისკავს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს და შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს?
"ქართულ ოცნებას" სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. არ მგონია, ისინი განსაკუთრებულად განაწყენდნენ ფაქტით, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ, ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი იყოს. ასე რომ, ისინი არ იქნებიან უკმაყოფილო იმით, რომ ეს სტატუსს დააზარალებს. ასევე არ მგონია, რომ ახლა ისინი განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით, რადგან მათ მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნიათ. აქამდე, ეს ერთგვარად ფარული მოტივი იყო. ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ და რუსებს ევროპული სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ. რუსებისთვის ევროპული სანქციების თავის არიდებაში დახმარებით, ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ. საქართველოს გავლით, რუსეთში ბევრი ევროპული საქონელი გადის. მაგრამ, ოფიციალური პოზიცია მაინც ის იყო, რომ მათ სურდათ, სქართველო ევროკავშირის და შესაძლოა ნატოს წევრიც კი ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ყოველთვის ცრუობდნენ. მათ ნამდვილად არ სურთ ეს შედეგი. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინასთან ომში, მომენტუმი თითქოს რუსეთისკენ იხრება. ამან „ქართული ოცნება“ გაათავისუფლა, რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღია იყოს",– უპასუხა პროფესორმა.
ფუკუიამა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას დემონსტრანტებზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა მეტყველებს იმაზე, "საით მიდის საქმე".
ის მიიჩნევს, რომ ბერკეტების ყველაზე დიდი წყარო, საქართველოში გარკვეული პირების მიმართ, "მიზანმიმართული სანქციების" დაწესებაა:
"მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისეთი ზოგადი სანქციების გამოყენება, როგორც უვიზო რეჟიმის გაუქმებაა, რომელსაც ევროპა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ვფიქრობ, შესაძლებელია ზოგადი სანქციების იმგვარად მოდიფიცირება, რომ ვიზები მოითხოვონ პირებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში კანონს, ასევე ზოგიერთ საკვანძო თანამდებობის პირს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში, ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლის, მათი ხმების ჩახშობის მცდელობის უკან დგანან".


