Accentnews.ge
აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი: შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი: შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

21/05/2024 10:24:09 პოლიტიკა

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი აცხადებს, რომ შეშფოთებით აკვირდებიან რუსეთის გავლენას საქართველოში. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტმა მას შემდეგი კითხვით მიმართა: "შეუძლია თუ არა NATO-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს NATO-ს​კენ მიმავალ გზაზე?".

„ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატოელ კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად NATO-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე“, - ასე უპასუხა გენერალმა ბრაუნმა შესაბამის კითხვას.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, "მაგრამ ეს გავლენას მოახდენს საქართველოს NATO-ში შესვლაზე ან NATO-–სკენ მიმავალ გზაზე...", აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა შემდეგი აღნიშნა:

"მე არ ვარ გადაწყვეტილებების მიმღები პირი, მაგრამ ჩემი, როგორც სამხედრო პირის გადმოსახედიდან, მიმაჩნია, რომ ეს ეხება სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე – ამ ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოებას".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S