კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
21/05/2024 12:39:04 პოლიტიკა
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალური თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერ აცხადებს, რომ "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში. ის როგორც ეს კანონი მიიღეს, ძალიან გვაწუხებს, რადგან ის ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ. ძალიან მკაფიონი ვართ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მკაფიოდ გამოხატა მისი პოზიცია, რომ კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად საუბარი. მათ უნდა ჰქონდეთ შეკრების თავისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა. ჩვენ გვურს, რომ კანონი გაიწვიონ, იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია. არ ვიცი რას გულისხმობენ ისინი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამ ტიპის ბრალდებები საჯაროდ - აღმაშფოთებელია. საქართველო დიდი ხანი იყო დემოკრატიის შუქურა რთულ, არადემოკრატიულ რეგიონში. ის რასაც ბოლო დროს ვხედავთ, სამწუხაროდ საპირისპირო მიმართულებით სვლაა. რაც, ღიად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება", – განაცხადა კარპენტერმა.
მისივე თქმით, "საქართველო დგას არჩევანის წინაშე":
"დარწმუნებული ვარ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. საქართველო დგას არჩევანის წინაშე. ის ან წავა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის მიმართულებით, უზრუნველყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების შეუფერხებლად მუშაობას ან ის აამოქმედებს ამ კანონს, რომელიც ეფუძნება რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობას და რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიის იდეასთან. ეს არის ორი მკაფიო არჩევანი. ასე რომ, მომავალი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მათი გადასაწყვეტია, კვლავ განაგრძობენ ამ კანონით განსაზღვრულ გზას, თუ დემოკრატიული გზით წავლენ, იმ გზით, რომელზეც მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა და ვუჭერდით მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებით. [...] ჩვენ მოგვიწევს იმ მიმართულების შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ნატოსა და ევროკავშირს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ისევე როგორც ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის იდეასთან თანხვედრაში მყოფ ნაბიჯებს გადადგამს. ასე მარტივად არის საქმე".


