Accentnews.ge
გრიპის ვირუსი – არსებული მდგომარეობა და რეკომენდაციები

გრიპის ვირუსი – არსებული მდგომარეობა და რეკომენდაციები

06/01/2020 11:34:53 საზოგადოება

მიმდინარე წლის იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 191 შეადგინა, წინა კვირაში კი, 312 შემთხვევა იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტით არის მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჰოსპიტალიზების საერთო რაოდენობაში სეზონური ვირუსის გართულებაზე 19 პროცენტი მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 22 პროცენტია.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება. ჯერჯერობით ეპიდემიური ზღვარისგან შორს ვართ. დეკემბრის ბოლო სამი კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების სიმპტომებით მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევების მზარდი რიცხვით. იანვრის პირველი კვირის მონაცემებით კი, მიმართვიანობამ იკლო. დღევანდელი ციფრი გახლავთ 191 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. თუ წინა კვირაში, ანუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჩვენ გვქონდა 312, ახლა გახლავთ 191, რაც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან მიმართებაში, ასევე 2019 წლის პირველ კვირასთან მიმართებაში. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტითაა მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19 პროცენტი, ახლა გვაქვს 22 პროცენტი. თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის 80 პროცენტში ცირკულირებს „ბე“ ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10 პროცენტია „ა“ ტიპის „ეიჩ ერთი“, დანარჩენი 10 პროცენტი კი, რინო ვირუსზე მოდის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების შემჩნევისთანავე მიმართონ პოლიკლინიკებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, ავადმყოფები შინ დარჩნენ, მოერიდონ ხალხმრავალ დაწესებულებებს, ხლო ფეხმძიმეებმა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა გაიკეთონ აცრები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S