Accentnews.ge
ვენეციის კომისიის წევრი: როცა მოსაზრება შემუშავდა, „ოცნებას" კომენტარები ვთხოვეთ, მაგრამ არ გვიპასუხეს

ვენეციის კომისიის წევრი: როცა მოსაზრება შემუშავდა, „ოცნებას" კომენტარები ვთხოვეთ, მაგრამ არ გვიპასუხეს

23/05/2024 06:37:19 პოლიტიკა

ვენეციის კომისიის წევრი დევიდ ქეი ამბობს, რომ "აგენტების კანონზე" დასკვნის პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა, გამოქვეყნებამდე გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას, თუმცა „ქართულ ოცნებას” კომისიისთვის პასუხი არ დაუბრუნებია. ამის შესახებ იგი „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, "ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე, საქართველოს მთავრობა ამბობდა, რომ თუ იურიდიულ, ლოგიკურ არგუმენტებს მოისმენდა, მზად იყო ემუშავა ვენეციის კომისიასთან, ან სხვა საერთაშორისო ორგანოსთან ამ კანონზე. მიმართეთ თუ არა საქართველოს მთავრობას და გიპასუხეს თუ არა, სურთ თუ არა თანამშრომლობა? იმ კომენტარების მიხედვით, რაც მათ გააკეთეს, ჩანს, რომ ისინი თქვენს დასკვნას არ ეთანხმებიან", დევიდ ქეიმ შემდეგი განაცხადა:

"ნამდვილად ასეა, ჩვენც მსგავსი შინაარსის კომენტარები ვნახეთ. სინამდვილეში, პროცესი ქვეყნების სასარგებლოდ მიმდინარეობს. ვენეციის კომისიაში 60-ზე მეტი ქვეყანა და მათი წარმომადგენელი შედის. ყოველ მათგანს თავისი ქვეყანა ნიშნავს და შემდეგ ისინი ასეთი ტიპის განხილვებსა და რეკომენდაციებში იღებენ მონაწილეობას. როგორც ორგანიზაცია, ჩვენ ძალიან მგრძნობიარენი ვართ ქვეყნების საჭიროებებისადმი, რომ მათ ჰქონდეთ მიზეზები კონკრეტული კანონის მისაღებად და რომ არსებობდეს დიალოგი ამ მიმართულებით..

რაც შეეხება ამ კონკრეტულ დასკვნას [საქართველოსთან მიმართებაში]- ვენეციის კომისიას აქვს სამდივნო, რომელიც ორგანიზებას უწევს მოლაპარაკებებს. მან მოაწყო საუბრების სერია [საქართველოს] მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. ასე რომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მტკიცე საუბრები საქართველოში შესაბამის აქტორებთან.

როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მათმა საჯარო განცხადებებმაც ამაზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით. მაგრამ, მათ არანაირი კომენტარი არ გამოუგზავნიათ".

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, "თუ სწორად გავიგე, ნათლად რომ ვთქვათ- საქართველოს მთავრობას ჰქონდა დრო, რომ თქვენთვის ეპასუხა რეკომენდაციებზე, მაგრამ მათ უარი თქვეს და ამის შემდეგ გამოაქვეყნეთ დასკვნა საჯაროდ. ასეა?", დევიდ ქეიმ პროცესი განმარტა:

"პროცესი ასეთია - ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს მას დაეთანხმოს კომისიაში. ეს უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე სხვა ტიპის დასკვნების გამოქვეყნებისას. როდესაც პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა ვენეციის კომისიაში, ის გადაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას და მათ დაუსვეს კითხვა - სურდათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება?

ეს არ არის ძალიან დიდი დასკვნა, ამიტომ მასზე პასუხს დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი ["ქართული ოცნება"] არ გამოგვეხმაურნენ, ან გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. მათ ერთი სრული დღე ჰქონდათ საპასუხოდ, მაგრამ არჩიეს, ასე არ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობას ჰქონდა შანსი რომ ეპასუხა და ამაზე უარი თქვა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა".

მისივე თქმით, "საქართველოს მთავრობისგან პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამ რეკომენდაციების შესრულება კანონის უკან გაწვევასთან დაკავშირებით":

"ვენეციის კომისია საკუთარ აზრს სთავაზობს [მთავრობებს]. ვენეციის კომისიის იდეა ისაა, რომ [მთავრობებმა] კეთილსინდისიერად გაითვალისწინონ კომისიის აზრები, რეკომენდაციები.

ასე რომ საქართველოს მთავრობისგან პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამ რეკომენდაციების შესრულება კანონის უკან გაწვევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანური იქნებოდა პასუხის ჩამოყალიბება. არ მგონია, რომ საკმარისია მთავრობის მხრიდან იმის თქმა, რომ იცით, ეს პოლიტიკური, ან პოლიტიზირებულია.

თუ შეხედავენ, რა წერია მოსაზრებაში, ნახავენ რომ ის ძალიან კონკრეტულია. ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ მთავრობა კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიალოგში ამ კანონზე და უკან გაიწვიოს ეს კანონი, ან შეაჩეროს პროცესი. არ ვიცი მოხდება თუ არა ეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S