Accentnews.ge
ოპოზიცია – გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომაზე: "სისტემა რღვევას იწყებს"

ოპოზიცია – გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომაზე: "სისტემა რღვევას იწყებს"

23/05/2024 10:27:35 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს და აღნიშნულს "სისტემის რღვევის დასაწყისს" უწოდებენ.

"ირაკლი შოთაძის გადადგომა ნამდვილად არის დასტური იმისა, რომ ოლიგარქის გუნდი და ეს სისტემა იწყებს რღვევას. შოთაძე იყო კულუარული, თუმცა ძალიან გავლენიანი და ძალიან კარგად ინფორმირებული ფიგურა ივანიშვილის კარზე. შესაბამისად, მისი გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, დაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს", – აცხადებს "ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ "ამ ვითარებაში ისეთი საკვანძო ფიგურის მიერ პოსტის დატოვება, როგორიც გენერალური პროკურორია, მიუთითებს ხელისუფლებაში დაწყებულ რღვევის პროცესზე".

„საზოგადოების მძაფრი პროტესტი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორია და ასევე ის საგარეო ვითარება, რომელიც შექმნა ხელისუფლების აბსოლუტურად უგუნურმა და დამაზიანებელმა ნაბიჯებმა. არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ ეს პროცესები აუცილებლად გაგრძელდება, კიდევ უფრო გაღრმავდება და საბოლოოდ დასრულდება დემოკრატიული ცვლილებით“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს სანქციების ეშინიათ და ირაკლი შოთაძის გადადგომაც სავარაუდოდ, ამის მანიშნებელია:

"ნებისმიერი წასვლა აჩენს იმის ეჭვს, რომ ეშინიათ სანქციების, იმ ინფორმაციის, რომელიც გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ მათ აქვთ ინფორმაციები, რასაც "ქართული ოცნების" სახელის გატეხა და რეპუტაციის შელახვა შეუძლია. საბოლოო ჯამში, არა მგონია, რომ ეს არ არის უკანასკნელი წასვლა და კიდევ უამრავ ადამიანს ვიხილავთ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დატოვებენ ამ პარტიას" - განაცხადა მან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ შოთაძის გადაწყვეტილება სავარაუდო სანქციების შიშზე მიუთითებს:

„პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ, ყველა მოძალადეზე, რომელიც არის იდენტიფიცირებული კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება მათზეც. შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას მიუხედავად იმისა, რომ ფარულად ისამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული. შესაბამისად, ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც დღეს მაღალ თანამდებობაზეა, რომ მათ უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკურ-პარტიულ გადაწყვეტილებას, ეს უკავშირდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მათ უნდა დატოვონ თანამდებობები იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს, გაუხანგრძლივონ ხელისუფლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S