"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები ყოფილ კოლეგებს მიმართავენ: "ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა"
23/05/2024 12:59:56 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებას" პარტიის ყოფილი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და თამარ ხულორდავა მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო "აგენტების კანონზე".
"ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს. ქართული ოცნების დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში. არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ.თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი გემუქრებათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ეს ტყუილია, მეგობრებო, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო “მაჟორიტარების აჯანყება” 2019 წელს. ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა. სადეპუტატო მანდატი და უფლება, გადაწყვიტო, ხელს მწვანე ღილაკს დააჭერ თუ წითელს, დიდი ძალაა. დაიჯერეთ ეს და ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა", – წერს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.
"წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს. უკვე სრულიად ცხადია რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით.ვალდებულად ვთვლი თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან ამ სირცხვილისგან და საერთაშორისო იზოლაციისგან! საქართველო აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს, მაგრამ თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ!", – წერს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ხულორდავა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.


