"ოცნება" მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებას "გამაოგნებელს", ხოლო ოპოზიცია "კრემლში დაწერილ დეზინფორმაციას" უწოდებს
23/05/2024 14:06:15 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან მუქარის შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას და მას "გამაოგნებელს" უწოდებენ.
„გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება გამაოგნებელია, რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და დასძინა:
"ეს თავდასხმა მოყვანილი იყო როგორც მაგალითი. ეს, რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. ასეთი საუბრის დროს ამ კონტექსტში, შესაძლო გავლენების შესახებ ნებისმიერი სახით ამ მაგალითის მოყვანა გამაოგნებელია".
მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პრემიერის განცხადება "კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა".
"ადამიანებს, ერთი შეხედვით, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება ან ეს თემა გადავიდეს იუმორის ჟანრში, თუმცა, რასაც კობახიძე აკეთებს, ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაციაა", – განაცხადა "ლელოს" წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრემიერის განცხადებას "აბსურდსა და პარანოიულ ბოდვას” უწოდებს.
"ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა. მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია, ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები. ამან განაპირობა ეს აბსურდული განცხადებები”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპტიმისტების“ წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "ამ ქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი":
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი ახალი ეტაპი ივანიშვილის წარმოუდგენლად შეშლილი პოლიტიკური დისტოპიის, რომელშიც უნდა, რომ ჩვენ ყველა გადაგვყაროს და ასევე რუსული ჭაობის, როდესაც პრაქტიკულად, ახალი ძალადობის და ახალი რეპრესიების ეტაპი გააფორმოს ზუსტად იმისთვის რომ ვიღაცა ივანიშვილს ემუქრება და კობახიძეს ემუქრება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი, რომელიც არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომავლისთვის".
რა თქვა პრემიერმა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოუყვანა.
"საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.
თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.
დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა", – აცხადებს კობახიძე.


