ხუნდაძე ბლინკენის განცხადების შემდეგ: "არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული"
24/05/2024 07:43:30 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, “ხალხის ძალის” წევრი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების შემდეგაც აცხადებს, რომ "არ ელოდება, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული".
მისივე თქმით, თუ დაასანქცირებენ, მას შემდეგი პასუხი ექნება: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”.
„28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში. რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად ობიექტურია მაგალითად ის, რომ კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ევროპელი პენსიონერები, დასავლეთში თავისუფლად დასეირნობს. ასევე, ადეიშვილს, რომელმაც შექმნა მწამებლური რეჟიმი, ევროსტრუქტურებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან. საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ. არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ. პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომაზე უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”, - განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


