Accentnews.ge
დეკანოიძე – "ოცნებას": ეს არის სანქციების პირველი ეტაპი

დეკანოიძე – "ოცნებას": ეს არის სანქციების პირველი ეტაპი

24/05/2024 08:09:10 პოლიტიკა

“ევროოპტიმისტების” წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, რომ აშშ–ის მიერ დაანონსებული შეზღუდვები სანქციების მხოლოდ პირველი ეტაპია.

“მინდა გავაფრთხილო ყველა და ვუთხრა “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომლებიც აპირებენ, რომ სამშაბათს ვეტო დაძლიონ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით: ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. ეს სანქციები შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა პროკურორს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ვინც ადამიანებზე ძალადობენ, ასევე სანქციები შეეხებათ მერებს; მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს; ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ჩაიდინა მოღალატეობრივი აქტი, მაშინ როდესაც აშშ-მა გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა, ეს უდრის ეროვნული ინტერესების ღალატს, ეს არის ყველაზე მძიმედ შესაფასებელი საქართველოს მოქალაქეებისგან. სანამ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა, სრულ იზოლაციაში ვიქნებით. ასევე, სანქციები შეეხებათ პროპაგანდისტებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ავრცელებს პროპაგანდას”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ქვეყანას "შეშლილი ადამიანები" მართავენ და “ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენელი აპირებს, რომ ამ შეშლილ ადამიანებს გადაყვეს".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S