პაატა მანჯგალაძე – "ოცნებას": შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი!
24/05/2024 08:17:10 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ „სიგიჟე და ღალატი".
„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ.
რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მ იმიტომ დაგავსანქცირა რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? ხალხო, მართლა სადამდე მიხვედით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და თქვენს შვილებსაც კი ატყუებთ, რომ საქართველოს იცავთ ამერიკისგან და ევროპისგან.
უბრალოდ დაფიქრდით იმისთვის, რომ რაღაც სკამი და თანამდებობა შეინარჩუნოთ იმეორებთ სიგიჟეს, რომ ამერიკა და ევროპა საქართველოს მტერია და რუსეთი მოყვარე. ვინ გამოდიხართ ხალხო, რას აკეთებთ?! რას გავხართ, მართლა რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა. დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


