"ლელო" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" თბილისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ
24/05/2024 08:22:05 პოლიტიკა
პარტია "ლელო" საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
"ლელო" მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის მთავრობა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, როდესაც სამართალდამცველები აქტივისტებს და პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდებიან და სახლებთან ხვდებიან, პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება. მე, როგორც საკრეულოს წევრმა 2021 წელს დავდე პირობა, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნებოდა თბილისელების საუკეთესო ინტერესებით, თუმცა თანამდებობის მიღმა თითოეულ ჩვენგანს კონსტიტუციით გვაკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია ამ რუსული სპეცოპერაციისგან, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოუთხაროს ძირი. შესაბამისად, დღეს პირველად მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, საკრეულოში, ვეღარ გაგრძელება ჩვეულებრივ რეჟიმში. შესაბამისად, „ლელოს“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღევანდელ სხდომას ვუცხადებთ ბოიკოტს და გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის, რასაკვირველია, რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსებს სახლებთან ხვდებიან ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალები, მაშინ, როესაც ბავშვებს უმოწყალოდ უსროდება ფიზიკურად სპეცნაზი და მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და ვხედავთ სანქციების რეჟიმის ამოქმედებას, შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს ამ მოცემულობაში და ამიტომაც ჩვენი ფრაქციის სახელით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის მნიშვნელოვანი და ამ მოცემულობის ადეკვატური", - განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობილი ხდება, რომ ბოიკოტის რეჟიმზე გადადის "გირჩი-მეტი თავისუფლებაც".
"საქართველოს კონსტიტცუია ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალებულებს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი და ამ ვალებულებას საკრეულო გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალაქში, რომლის საკრებულოც ეს არის, 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, წაუყრუა ეს საკრებულომ და ხმა და კომენტარი არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ადამიანებს სცემენ, არეკეტებენ, ქუჩაში ხვდებიან ბიტებით, ჩუმად არის აქ ყველა დეპუტატი და ხმა არავის ამოუღია. ჩვენთვის ეს სიჩუმე არის ის გედის სიმღერა, რომელიც ახლა ქოცებს აქვთ, ამიტომ იყვნენ ახლა მარტო, ჩაატარონ სხდომები და უსმინონ ერთმანეთის სიჩუმეს, იმიტომ, რომ მათ ხმის ამოსაღები არაფერი დარჩათ. მინდა ყველა ადამიანს მივმართო, რომ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით, შებსამისად, ახლა, ბოლო თვეების განმავლობაში ვუსმინოთ ტკბილად ქოცების გედის სიმღერას. „გირჩის“ს ახელით ვაცხადებთ, რომ გავდივართ ბოიკოტში და ვუერთდებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ ნაბიჯში", - განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


