მამუკა მდინარაძე: ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები
24/05/2024 09:21:10 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება.
"მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში:
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს ევროკომისრის მხრიდან ჩვენი მისამართით იყო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე;
საფრანგეთმა მიიღო კანონი უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ;
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს წევრ თურქეთშიც ინიცირდება ანალოგიური სფეროს რეგულირების კანონპროექტი;
აშშ სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის.
წესით შეფასებასაც კი აღარ საჭიროებს ეს მოცემულობა, თუმცა ძალიან მოკლედ:
1. გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარეაქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს
2. უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე.
3. ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე…
4. ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს! ქართველები, რომლებიც არასდროს დავთმობთ საკუთარ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, ღირსებას, სამართლიანობას და ასე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები! საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას!
საქართველო ამას შეძლებს!
#კისაქართველოსდამოუკიდებლობას
#კიგამჭვირვალობას
#ღირსებითევროპისკენ", – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


