Accentnews.ge
რა თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებაზე

რა თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებაზე

24/05/2024 13:02:00 პოლიტიკა

"ჩვენ არაფრის სტიგმატიზებას არ ვახდენთ", - ასე პასუხობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს როუსოპოლოსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებას.

ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელზეც საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

"გამოყენებული იქნა სიტყვები სტიგმატიზაცია და კრიტიკა, მინდა, საჯაროდ ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის სტიგმატიზებას არ ვახდენთ, ჩვენგან ისმის კრიტიკა, წევრი ქვეყნები არიან ვალდებულები და აქვთ კრიტიკის უფლება მაშინ, როდესაც კავშირი თვლის, რომ ჩანს საფრთხე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს", - განაცხადა როუსოპოლოსმა.

მანამდე, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა შემდეგი აღნიშნა:

„გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა. სინამდვილეში, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის. [...] დარწმუნებული ვარ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება. ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული და ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგისთვის, ასევე კრიტიკული შეფასებების მოსმენისთვის".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S