Accentnews.ge
ო’ბრაიენი  – "ოცნებას": თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ

ო’ბრაიენი  – "ოცნებას": თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ

24/05/2024 17:22:49 პოლიტიკა

"თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ", – ასე მიმართავს, ჟურნალისტ ალექს რაფოღლუს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი "ქართულ ოცნებას".

როგორც ო'ბრაიენი ამბობს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სტიგმატიზაციისკენ მიმართული კანონი და ძალადობა მოქალაქეებზე პარტნიორებს უჩენს კითხვას: "დაინტერესებულია თუ არა დღევანდელი ხელმძღვანელობა წინსვლისკენ".

„გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს, ასევე გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა. […] ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო–ში. ეს იყო გასულ კვირას ჩემი ვიზიტის მთავარი გზავნილი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს კანონი, რიტორიკა, რომელიც მას ახლავს და დემონსტრანტების მიმართ ძალადობა არ შეესაბამება წინსვლის არჩევანს. მე მქონდა ძალიან დეტალური საუბრები მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის – პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავის თავს დაუსახა და ვენეციის კომისია, მაშასადამე, ევროპის სტრუქტურა, ამ კვირაში გამოვიდა ძალიან მტკიცე მოსაზრებით, რომელშიც გამოთქმული იყო იგივე აზრი", – განაცხადა მან.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ეს იძულება, ო’ბრაიენმა შემდეგი აღნიშნა:

"არა, ეს მარტივი საკითხია. თუ ამბობ, რომ გინდა ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა, თქვენ არ შეგიძლიათ, თქვათ, რომ ჩვენი გუნდი ითამაშებს 15 კაცით, შენ ითამაშებ შვიდით, ან ჩვენ ვითამაშებთ დამატებითი ბურთით. თქვენ თამაშობთ იმ კლუბის წესებით, რომელშიც ცდილობთ გაწევრიანდეთ. საქმე ის არის, რომ განხორციელებული ქმედებები შეუთავსებელია გაწევრიანებასთან".

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S