ლიეტუვის პრემიერი: ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს
26/05/2024 06:56:41 პოლიტიკა
ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის, – ასე ულოცავს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული”, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი.“
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.


