პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი „ქართველი ხალხის მიზნებთან აცდენაში“ დაადანაშაულა
26/05/2024 08:55:57 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეებს არ უნდა დაავიწყდეთ საქართველოს მთავარი მიზანი და პრიორიტეტი - „ძლიერი და ერთიანი სამშობლო“. მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართველი ხალხის მიზნებთან აცდენაში“ დაადანაშაულა.
„დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რა არის ჩვენი მთავარი მიზნები და პრიორიტეტები. ეს არის ჩვენი ძლიერი და ერთიანი სამშობლო. ამ მიზნისკენ უნდა მიდიოდეს თითოეული მოქალაქე და ეს მიზანი არ უნდა დავკარგოთ თვალსაწიერიდან“, - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 26 მაისის საზეიმო ღონისძიების შემდეგ.
ამის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და თქვა, რომ პრეზიდენტმა „ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა თავის გამოსვლაში“:
„შეიძლება გამომრჩა, მაგრამ როგორც ვხვდები, მან ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა თავის გამოსვლაში. აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, სად არის ქალბატონო სალომეს პრიორიტეტი და ის რომ აცდენილი არის ქართველი ხალხის მიზნებს. ისაუბრა ბევრ მიმართულებაზე, მაგრამ გამორჩა მთავარი: ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს“.


