ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
26/05/2024 11:33:04 პოლიტიკა
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს არაერთმა სახელმწიფომ თუ უცხოელმა პოლიტიკოსმა მიულოცა.
(სია განახლებადია)
აშშ–ის საელჩო:
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე. შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად”.
საქართველოში საფრანგეთის საელჩო:
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე".
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა:
"ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!".
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი:
"თბილად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისტორიული აქტით აირჩია დამოუკიდებლობა და დემოკრატია. მაშინაც ისევე, როგორც ახლა გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია".
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი:
„ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!“.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი:
„თბილი მილოცვა ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. იმ დროს, როცა საქართველო გზაჯვარედინზე დგას, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების დროა“.
ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა:
„საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ეს დღე აღნიშნავს ქვეყნის თავისუფლების სულისკვეთებას, რადგან ის ზეიმობს 1918 წელს რუსეთისგან დამოუკიდებლობას. ვუსურვებ მამაც ქართველ ხალხს სიძლიერეს ყველა დაბრკოლების გადასალახად, რომელიც ზღუდავს მათ გრძელვადიან განვითარებას და კეთილდღეობას, და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მათი სურვლის წარმატებულად მიყოლას. დაე, საქარველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად იქნას აღდგენილი. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“.
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III:
„მაშინ, როცა თქვენ და ქართველი ხალხი ზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს, მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა. ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემო და კლიმატის ცვლილება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს მომავალი წლების განმავლობაში. მე და ჩემს მეუღლეს გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და გამოგიგზავნოთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი ყველაზე თბილი კეთილი სურვილები“, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი:
"ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცემთ თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები სათავეს იღებს ჩვენი მეგობარი ხალხების ურღვევი ნებისა და განზრახვიდან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა დღეს ახალი მასშტაბი შეიძინა, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და მდიდრდება ახალი შინაარსით. სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელდება, ემსახურება არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფართო რეგიონში - ევრაზიულ სივრცეში, ხსნის რა შეუცვლელ შესაძლებლობებს. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - მუდმივ კეთილდღეობას", – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი:
"გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეგობარ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება ყველა სფეროში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ამ ბაზის სრულად გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ცივილიზაციურ საზოგადოებას, მოემსახურება ჩვენი ორი სახელმწიფოსა და რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:
„ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ. იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში. საფრანგეთი იმდენად მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რამდენადაც ის განაგრძობს ამ გზაზე სვლას. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი და მოკრძალებული პატივისცემის დასტური”, – ამის შესახებ მაკრონის მიერ ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი :
„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში, რომელიც ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანმა მიულოცა. „როგორც მეზობელი ქვეყანა, საქართველო ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით“ - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მისალოც წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილის გამოუგზავნა.
წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ მეგობარი ქვეყანაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორია. „ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მტკიცე თანამშრომლობა ყველა სფეროში განმტკიცდება“ - ნათქვამია წერილში.
საქართველოში პოლონეთის საელჩო:
"ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! მოლოცვები პოლონეთიდან!".
საქართველოში დანიის საელჩო:
"ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დანიის საელჩო თბილისში ყველა ქართველს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს, როცა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, გვსურს, პატივი მივაგოთ მათ, ვინც მამაცურად იბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის!"
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ერთიანობასა და კეთილდღეობას უსურვებს. უკრაინა და საქართველო ერთად დგანან საერთო ღირებულებების - თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობიანი და ევროპული მომავლის სადარაჯოზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"გულითადად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენმა ორივე ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო. ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას და თავისი სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა სხვა თავისუფალ ერთან. ასევე ვისურვებ, რომ შესანიშნავი ქართული კულტურა, თვითმყოფადობა და სტუმართმოყვარეობა წლების განმავლობაში განივრცოს. ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით, ჩვენი ორივე ერი იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული. საქართველოს გაუმარჯოს!" ,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.
საქართველოში შვეიცარიის საელჩო:
"საქართველოს დამოუკიდებლობა გადაწყდა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!".
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი:
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი კეთილი სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განუწყვეტელი განვითარება. ჩვენს საერთო ინტერესშია, ხელი შევუწყოთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას, რისთვისაც კარგი საშუალება იქნება წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი უმაღლესი დონის ჩვენი სამთავრობო შეხვედრა. მოხარული ვარ, რომ გასულ თვეს უნგრეთში შეხვედრის საშუალება მოგვეცა ბუდაპეშტის CPAC კონფერენციაზე და მჯერა, რომ შემდგომშიც გვექნება ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევის სრული მხარდაჭერა. მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!“ – აღნიშნულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძისადმი გამოგზავნილ მილოცვის წერილში.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
„პატივცემულო პრემიერო, ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თურქეთში თქვენი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა თურქეთ-საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე არსებული სამაგალითო თანამშრომლობა. მჯერა, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი წინსვლა გვექნება ჩვენი ხალხებისა და რეგიონისთვის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - მშვიდობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნულია ერდოღანის მიერ კობახიძისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ჩეხეთის, ბულგარეთის ხორვატიის პრემიერ–მინისტრები.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ: რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ანდორას, ესტონეთის, ლიეტუვის, სლოვენიის, ბულგარეთის, მონტენეგროს, მაკედონიის, სერბეთისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
"ილია დარჩიაშვილმა ინდოეთის, ესრაელის, თურქმენეთის, უზბეკეთის, შრი-ლანკის, მალდივის რესპუბლიკის, ფილიპინების, და სხვა აზიური ქვეყნების საგარეო უწყებებიდან მისალოცი წერილები მიიღო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ შრი ლანკისა, მალდივის რესპუბლიკისა და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრების მისალოცი წერილებიც მიიღო", – იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცა. მის მისალოც წერილში, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი აქვეყნებს, საქართველოს პრეზიდენტი ნახსენები არ არის:
"პრეზიდენტმა ლუკაშენკომ პირადად და ბელარუსი ხალხის სახელით ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქართველ ხალხს. ბელარუსისა და საქართველოს ხალხებს უხსოვარი დროიდან აერთიანებთ იდენტური ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია ქრისტიანულ ტრადიციებზე, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულსა და საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილზე. სულიერი სიახლოვე, ურთიერთგაგების გრძნობა, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში, დაეხმარება ორ ქვეყანას უახლოეს მომავალში აღდგინონ ურთიერთობა ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადაგალახინებთ ყველა არსებულ წინააღმდეგობას. პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მშვიდობა, გამძლეობა და გამბედაობა უსურვა თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად", – ნათქვამია მისალოც წერილში.
2019-2022 წლებში ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 2019 წელს სალომე ზურაბიშვილი მინსკს ეწვია. თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ლუკაშენკო, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისთვის და დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიასთან შეხვედრისთვის.
ცნობისთვის: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.
70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.


