ნინო წილოსანი – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: "ქვეყანა ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც „ევროპებში“ გაიქცევა"
27/05/2024 06:43:30 პოლიტიკა
"რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი [მსხილაძე] და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად "ევროპებში" და საფრანგეთში გაიქცევა", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.
წილოსანის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მსხილაძე წარმოადგენს, „გადაწყვეტილი აქვს, რომ ისტორიაში სამარცხვინო ასოებით შევიდეს“.
„ბატონო გიორგი, თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული? ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა ეხება უშუალოდ კანონს, რომელსაც თქვენ სრულად აბსურდული დასაბუთებით აპროტესტებთ. შეგიძლიათ თუ არა მომიყვანოთ კონკრეტული საჯარო წყარო და აქვე ველოდები ამ წყაროს დასახელებას, სადაც ჩვენ და ქართველი ხალხი ვნახავთ ყველა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას თავისი თანხებით, მიზნობრიობით მითითებულს, დონორებით და განხორციელებული პროექტებით? ველოდები საჯარო წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც თქვენ ამტკიცებთ, რომ გამჭვირვალეა სექტორი. შემდეგი კითხვა, ითვალისწინებს თუ არა კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ რაიმე სახის სასჯელს, გარდა ფინანსური სახდელისა, ადმინისტრაციული ჯარიმისა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია არ წარადგენს უბრალოდ ინფორმაციას მის მიერ მიღებული დაფინანსების და განხორციელებული პროგრამების შესახებ, ისიც წელიწადში ერთხელ. ასევე, პასუხებს ველოდები სამართლებრივს და არა პოლიტიკურს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდეთ თქვენი დანიშნულება რაც არის და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად, უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებულნი პარტიულად და ისე არიან სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი. პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად "ევროპებში" და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


