Accentnews.ge
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: კანონი მიუღებელია და ამას გეუბნებათ, მათ შორის ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი და ეუთო/ოდირის 73-გვერდიანი დასკვნები

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: კანონი მიუღებელია და ამას გეუბნებათ, მათ შორის ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი და ეუთო/ოდირის 73-გვერდიანი დასკვნები

27/05/2024 08:20:13 პოლიტიკა

"აგენტების კანონი" მიუღებელია და ამას გეუბნებათ, მათ შორის ვენეციის კომისიის 24-გვერდიანი და ეუთო/ოდირის 73-გვერდიანი დასკვნები, – ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ “ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატების მოთხოვნას, კანონპროექტის ის კონკრეტული მუხლები დაესახელებინა, რომლითაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ექმნება საფრთხე.

მსხილაძემ უმრავლესობის პასუხად აღნიშნა, რომ კანონი არსებული რედაქციით მთლიანად მიუღებელია.

"კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას - ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს თანასწორობის უფლების შესახებ, 22-ე მუხლს - გაერთიანების თავისუფლების შესახებ, მე-15 მუხლს - პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცის ხელშეუხებლობის შესახებ და 78-ე მუხლს - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მიმართა, რომ კონკრეტული მუხლების დასახელების გარეშე იმის თქმის საშუალებას არ მისცემდა, რომ კანონით ვინმეს რაიმე ეზღუდება.

„გაეცით პასუხი, სად წერია, რომ ეზღუდება?! ეს არის ბრალდება, რომ თითქოს ვინმეს რაიმეს ვუზღუდავთ! დაგვარწმუნეთ, რით შეგექმნათ შთაბეჭდილება და რომელი მუხლი გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ რაღაც არის რუსული მეთოდის?! უნდა შემოხვიდე კონკრეტიკაში. სხვა შემთხვევაში უმძიმესი ბრალდებები არის შეურაცხყოფა. კეთილი ინებე და გაეცი პასუხები“, - ასე მიმართა მსხილაძეს ალუდა ღუდუშაურმა. იგივე მოითხოვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S