Accentnews.ge
„საერთაშორისო იზოლაცია საფრთხე იქნება თუ არა არაღიარების პოლიტიკისთვის?“ – კითხვა, რომლის გამოც "ოცნებამ" დაუშვილს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა

„საერთაშორისო იზოლაცია საფრთხე იქნება თუ არა არაღიარების პოლიტიკისთვის?“ – კითხვა, რომლის გამოც "ოცნებამ" დაუშვილს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა

27/05/2024 09:13:28 პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების კანონის" შესახებ პრეზიდენტის ვეტო განიხილეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის მიხეილ დაუშვილის კითხვას "ქართული ოცნების" მწვავე რეაქცია მოჰყვა.

რა შეკითხვა დასვა დაუშვილმა

„ფაქტობრივად ჩვენი ყველა მეგობარი სახელმწიფო, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, ისიც უკვე თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ, ტოტალური ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას? იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება, დაუდგეს ჩვენს ქვეყანას?“, - ჰკითხა დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს.

რა უპასუხეს დაუშვილს "ოცნებაში"

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის დეპუტატს ამ შეკითხვის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„დაფიქრდით რა განცხადებებს აკეთებთ. უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება ეს აბსურდი, რასაც ახლა აკეთებთ. როგორ შეიძლება საერთოდ ასეთი შეკითხვის დასმა. თუ გნებავთ ბოდიში მოიხადეთ ამ შეკითხვაზე მოქალაქეების წინაშე. გნებავთ მოგცემთ სიტყვას და თქვით, რომ შეგეშალათ. ასეთი რაღაც მეორედ არ გააკეთოთ. წარმოდგენა გაქვს რას კითხულობ? გეყოთ გამბედაობა და მოიხადეთ ბოდიში. ხალხს უთხარით, რომ შეგეშალათ, რაც ახლა იკადრეთ. ძალიან მძიმეა ვუსმინო ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს. ეს არის თქვენი პირით გაჟღერებული საკითხი, რომელიც არის შანტაჟი ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს არის უმძიმესი განცხადება და ყველას გადაეცით, რომ ამას არ გავატარებთ და ამაზე გვექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ქვეყანას აზიანებთ ამ თქვენი შეთანხმებული განცხადებით, რომელიც გაგაჟღერებინეს. ეს არის ოკუპანტის ინტერესი, რასაც ახლა თქვენ ამბობთ“, – მიმართა დაუშვილს ოხანაშვილმა.

დაუშვილმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა და განაგრძო: „თუ რეალიზდა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე, კითხვა არის შემდეგი, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ნაწილში, ამ კუთხით, პასუხისმგებელი ვინ არის?... ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა უდიდესი რისკია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრების გარეშე ჩვენ დაცული ვერ ვიქნებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავუშვათ, საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა“.

მოგვიანებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას განცხადებით გამოეხმაურა:

„დღეს საქართველოს პარლამენტმა ღალატი და მტრობა უწოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები წლების განმავლობაში ახორციელებენ.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკა და „რუსული კანონის“ მიღება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის პირდაპირი რისკის ქვეშ აყენებს და საფრთხეს უქმნის არაღიარების პოლიტიკას, რაც ათწლეულების მონაპოვარია.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე, ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია.

არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება და დაცვა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვაა, თუ ვინმესთვის არის ღალატი, ეს ოკუპანტი რუსეთია. სამწუხაროა, რომ დღევანდელი „ოცნება“, მათ შორის ამ განცხადებით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება"

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S