ბერბოკი: საქართველოს უნდა შეეძლოს ევროპული გზით სიარული, სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება
27/05/2024 10:38:15 პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან, მათ შორის საქართველოს საკითხზე ისაუბრა.
"ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საკუთარი ხალხის ამ დიდ ოცნებას და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ოცნებას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ბლოკავს იმ კანონით, რომელზეც ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. ასეთი ქმედებებით საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარ მოსახლეობას, რომელიც როგორც ვხედავთ, ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში. [...] ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ კანონის ხელმოწერა, ისიც, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაშია გამოსული მკაფიოდ ამბობს, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, რასაც ამბობს ევროპული საბჭოც, ხაზს უსვამს, რომ ყველა აქტორს სურს, გააკეთონ ყველაფერი იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს ევროპული გზით სიარული, რადგანაც სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება", - განაცხადა ბერბოკმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


