Accentnews.ge
პენტაგონი: „ერაყიდან ჯარების გაყვანას არ ვაპირებთ“

პენტაგონი: „ერაყიდან ჯარების გაყვანას არ ვაპირებთ“

07/01/2020 07:19:38 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, ვაშინგტონი ერაყიდან ჯარების გაყვანას არ აპირებს.

მისი თქმით, აშშ კვლავ მოწოდებულია ებრძოლოს „ისლამურ სახელმწიფოს“ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად.

მანამდე, დასავლურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერაყში ბაზირებული ამერიკელი საზღვაო ქვეითების გენერალმა უილიამ სილიმ ერაყის გაერთიანებულ ოპერატიულ სარდლობას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან გასვლისთვის ემზადებიან.

აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ გავრცელებული წერილში საუბარი იყო ერაყში აშშ-ის ძალების გაზრდილი წარმოდგენილობის გადაადგილების თაობაზე და ერაყიდან გასვლა დაგეგმილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს ერაყელმა დეპუტატებმა მიიღეს შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია, რომელის თანახმად, ქვეყანა უცხო ქვეყნების ჯარებმა უნდა დატოვონ. რეზოლუციის ინიციატორი ერაყის პარლამენტში შიიტური ბლოკია, რომელიც ირანთან დაახლოებულია.

მოგვიანებით, ერაყიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოძევების შემთხვევაში აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბაღდადს მკაცრი სანქციებით დაემუქრა.

„ჩვენ ერაყში საჰაერო ბაზა გვაქვს, რომლის აშენებაც ვაშინგტონს წარმოუდგენლად ძვირი დაუჯდა. მილიარდობით დოლარი დავხარჯეთ. არ ვაპირებთ იქედან გამოსვლას, სანამ ამის საფასურს არ ამოვიღებთ. თუ ერაყი ამერიკელ ჯარისკაცებს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს, ისეთ სანქციებს დავუწესებთ, მათი ფანტაზიაც რომ ვერ გაწვდება. ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მონაგონი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

სადღეისოდ ერაყში დაახლოებით 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა მთავარ მიზანს ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

ცნობისთვის: შუა აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.

ირანის უმაღლესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.

„ისრაელის არმიის რადიოს“ ცნობით, ირანიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია. ამასთან, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S