Accentnews.ge
ბორელი: ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი ევროკავშირის მომავლის მიმართ

ბორელი: ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი ევროკავშირის მომავლის მიმართ

28/05/2024 07:57:41 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "აგენტების კანონი" ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

"უცხოური გავლენის შესახებ" კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

პარლამენტი, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, დღეს დანიშნულ პლენარულ სესიაზე ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S