ხაბეიშვილი – "ოცნებას": "კარში ეჩხირებით ფაქტობრივად ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის, ამიტომ უნდა გესმოდეთ, ის პასუხისმგებლობაც, რომელიც ისტორიის წინაშეც გექნებათ"
28/05/2024 08:44:20 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მიმართავს, არ დაძლიაოს "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. ამის შესახებმან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენი მთავარი მიზანი საქართველოს პარლამენტში უნდა წარმოადგენდეს ქართველ ხალზე ზრუნვას და მთელი ამ წლების განმავლობაში, 12 წელზე მეტია ხელისუფლებაში ხართ, თქვენი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს ხალხს, ხალხის პრობლემების მოგვარებას, გადასახადების შემცირებას, ადამიანებისთვის სამსახურის შექმნას, უკეთესი მომავლის შექმნას, სტუდენტების დასაქმებას, მათ მაღალანაზღაურებად და შესაბამისად, აქ შეიძლება ცხარე კამათები ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში ხალხის კეთილდღეობაზე, ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, მაგრამ 12 წლის თავზე, თქვენ ხელისუფლებას ასრულებთ ისე, რომ ადამიანებს თავს ამახსოვრებთ როგორც კანონის შემოქმედებს, რითაც აშორებთ საქართველოს ევროკავშირს, რითაც კარში ეჩხირებით ფაქტობრივად ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის, ამიტომ თქვენ უნდა გესმოდეთ, ის პასუხისმგებლობაც, რომელიც ისტორიის წინაშეც გექნებათ.
მუდმივად საუბრობთ, რომ გვიხარია თქვენი სანქციები, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ არცერთი თქვენგანის სანქცია არ გამიხარდება, უბრალოდ თქვენ იქცევით ისე, რომ იძულებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ ასე მოიქცეს, თორემ მე გამიხარდებოდა, რომ არ დაგეძლიათ ვეტო, ეს კანონი არ ამოქმედდეს და ხალხს გადაეწყვიტა ხუთი თვის თავზე არჩევნებზე თუნდაც ამ კანონის ბედი, მაგრამ თქვენ ძალმომრეობით, ადამიანების ცემით, გატაცებით, სახლთან დახვედრებით, ოჯახების დაწიოკებით გინდათ, რომ ეს კანონი მიიღოთ, არადა თქვენ ხომ ამბობდით, რომ არცერთი ადამიანის თმის ღერი არ გიღირდათ არანაირ კანონად, მაგრამ ახლა ისე დაიჟინეთ ეს კონკრეტული დავალება, რომელიც გაქვთ კრემლიდან, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიხართ. ძალიან ვღელავ თქვენ გამო, რადგან ვერ აცნობიერებთ იმ პრობლემებს,რომელიც თქვენ გექნებათ, რომელიც ექნებათ თქვენ გარშემო ადამიანებს, ყველას აყენებთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამ თვეების განმავლობაში, ყველა ზღვარს გადახვედით. პროპაგანდირებთ, რომ სუვერენიტეტს იცავთ აშშ-გან, უკაცრავად მაგრამ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატებია. თქვენ მუჭი მოუღერეთ სტრატეგიულ პარტნიორს, თითებს უქნევთ, ღალატში ადანაშაულებთ, რომ თურმე ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან. დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მართლა და მთავარ მტერს პუტინს ერთი სული აქვს, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად და თქვენ ამაში ხელს უწყობთ სწორედ ამ რუსული კანონით, რომლითაც უარს ამბობთ ევროკავშირზე, რომლითაც მილიარდობით დოლარის ზარალს მიაყენებთ საქართველოს მოქალაქეებს. ამბობთ, რომ აიტანთ სანქციებს და აბა კითხეთ ქართველ ხალხს გაუძლებენ ამ ეკონომიკურ ბლოკადას? გაუძლებენ იმ რეალობას, როდესაც ფაქტობრივად დასავლური დახმარების გარეშე საქართველოს ეკონომიკა არ იარსებებს. ერთი წამით ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ერთი წამით მაინც ეცადეთ, რომ ობიექტურები იყოთ. თქვენ წირავთ საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალს, ეს შეგები დადგება ძალიან სწრაფად, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ასევე თქვენთვის, ამიტომ უნდა გესმოდეთ ის მძიმე ისტორიული რეალობა, რაც თქვენ თვითონ დაიყენეთ და კიდევ ვიტყვი გულწრფელად, რომ ძალიან გამიხარდება თუ ვეტოს არ დაძლევთ და არჩევნებზე მისცემთ შესაძლებლობას ქართველ ხალხს გადაწყვიტონ საქართველოს სახელმწიფოს ბედი", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


