Accentnews.ge
პარლამენტში "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო

პარლამენტში "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო

28/05/2024 11:03:01 პოლიტიკა

პარლამენტში პოლიტიკური გამოსვლები დასრულდა და "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო. ამ წუთებში სიტყვით გამოდის მომხსენებელი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე. დღესვეა დაგეგმილი კენჭისყრაც.

"პირველ რიგში, მინდა დავიწყო "რატომ-იმიტომ"-ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციის და პროპაგანდის საკითხი გახდა. წარმოაჩინეთ ისე, რომ თითქოს აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ "იმიტომ." ეხლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენ ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა და შეუძლებელი იყო. რადგან კანონი სრულად, თავიდან ბოლომდე იყო ანტიკონსტიტუციური", - განაცხადა მსხილაძემ გამოსვლის დაწყებისას და "ოცნების" პროპაგანდას უპასუხა.

სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S